თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შემოთავაზება მიიღო, NATO-ში ელჩობის თანამდებობა განიხილოს. მისივე თქმით, ეს 4 თვის შემდეგ იქნება.
„პირველ რიგში, მინდა, მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ეს საამაყო 5 წელი იყო, რაც თავდაცვის სამინისტროში გავატარე. პრემიერი შეიცვალა და ბუნებრივია, ჩვენ კონსულტაციები გვქონდა. ირაკლი კობახიძემ ყველა მინისტრს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ახალი კოდექსი მივიღეთ, მე ირაკლი ღარიბაშვილთან წასვლასთან დაკავშირებით თხოვნა მქონდა. მან კი მთხოვა, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმეღო.
მიზეზები რომ გითხრათ, თუ რატომ მინდოდა წასვლა – 13 წელია, საჯარო მოხელე ვარ, რაც ძალიან ბევრია. ეს ერთი. მეორე, იცით, რომ დიდი ოჯახი მყავს. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას.
ფიქრის დრო მაქვს. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან. ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ამჟამად, NATO-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძეა.
ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობები დღეს ოფიციალურად გაცვალეს – ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა, კობახიძე კი პარტიის ყრილობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობაში ერთადერთი ცვლილება მოხდება – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდად წარდგენის შემდეგ დარჩენა ყველა მინისტრს შესთავაზა. თუმცა, ჯუანშერ ბურჭულაძეს თანამდებობიდან წასვლა თავად სურდა.