თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
მოსამართლემ პროკურორ გიორგი ლილუაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დარბაზის სიმცირიდან გამომდინარე სხდომაზე შესვლა მხოლოდ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა შეძლო.
„რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის ცნობით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლად პროკურორმა სტანდარტული არგუმენტები მოიშველია, რომ არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
დაცვის მხარე – დიმიტრი ხაჩიძე და მარიამ შათირიშვილი – აცხადებდა, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება საჭიროა, ბურჭულაძე მზადაა, გირაოს სახით 100 000 ლარი გადაიხადოს, მარიამ შათირიშვილის თქმით კი თუ მოსამართლე თავად გადაწყვეტს თანხის განსაზღვრას, ამისთვისაც მზად არიან.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, არ არსებობს არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ბურჭულაძეს მოწმეებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მისივე თქმით, მიმალვის საფრთხის არიდება პასპორტის ჩამორთმევითაა შესაძლებელი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა:
„თუ უფლებას მომცემთ, შევაფასებ ბრალის ხარისხს – ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით.
რაც შეეხება ნასყიდობას, რომ აგიხსნათ ბატონო მოსამართლე, ნასყიდობა მე დავასაბუთე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციის თვალსაზრისით.
მე არასოდეს მიხსენებია, რომ ჩემი საბოლოო შემოსავალი, რომლითაც მე გავისტუმრე ნასყიდობის ვალდებულება, იყო წყნეთის სახლი… მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია…
მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით…
რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე… არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, – თქვა ბურჭულაძემ „რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის ცნობით.
მომდევნო სხდომა 3 ნოემბერს, 11 საათზე დაინიშნა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.
პროკურატურის მტკიცებით, სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად.
ბურჭულაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამავე საქმეზე ივლისში დააკავეს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შეწყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. სამივე მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკანონო ქონების წარმოშობის დამალვის მიზნით შემდეგი რამ გააკეთა:
პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 2025 წელს ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს მიწის ნაკვეთი და სახლი. ამ თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ ფიქსირდებოდა, ამიტომ 2024 წელს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის გაფორმდა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობა, რეალურად კი ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუყიდია და ხელშეკრულების მიზანი ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო.
უწყების ცნობით, ბურჭულაძემ ესპანეთის სახლი არც ქონებრივ დეკლარაციაში ასახა. მათივე თქმით, ბურჭულაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.