ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.

პროკურატურის მტკიცებით, სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. ბურჭულაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

ამავე საქმეზე ივლისში დააკავეს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. სამივე მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.