ბურჭულაძე: პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს

პუბლიკა

შესწორება: თავდაპირველად მასალის სათაური იყო – „ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, NATO-ში ელჩად მის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს”. თუმცა მოგვიანებით ყოფილმა მინისტრმა დამატებითი განმარტება გააკეთა TV პირველთან, სადაც აღნიშნა, რომ საგარეოს არ წარუდგენია კანდიდატები, რადგან პრეზიდენტი ზოგადად ხელს არ აწერს წარდგენილ კანდიდატებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს.

ამასთან, თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს კანდიდატებს აღარც უგზავნს.

„პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ, თუმცა გეგმები არ შეცვლილა. მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. არა, აღარ წარადგენს საგარეო, როგორც მე ვიცი, იმიტომ, რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ.

ზოგადად, მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ აწერს ელჩებს ხელს”, – განაცხადა მან „მთავარ არხთან”.

TV პირველთან ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ კანდიდატურები პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, არჩევებამდე არ გადაიგზავნება.

„მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მას შემდეგ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, რაც გადაიგზავნება.

მე არ გადამიფიქრებია [ელჩობა] ამ ეტაპზე და რომ მივიღებ შემოთავაზებას, შემდეგ საბოლოოდ კიდევ ერთხელ მივიღებ გადაწყვეტილებას”. – ამბობს ბურჭულაძე.

ახლა საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძეა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დაიკავა და 2024 წლის თებერვალში – დატოვა.

რამდენიმე დღით ადრე, 2024 წლის 30 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ის ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ კობახიძემ მას თანამდებობაზე დარჩენა შესთავაზა, თუმცა, ამაზე უარი მას თავად უთხრა.

თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ბურჭულაძემ ასევე თქვა, რომ მიიღო NATO-ში ელჩობის შეთავაზება.