ჯუთას გზაზე სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოების დროს საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.

„ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაწყებულია.

როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი

2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება. კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება”, – წერია განცხადებაში.

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს. მათი თქმით, კლდე, რომელზეც გზა გადის, ჩამოშლის პირასაა და დაწყებულია მეწყრული პროცესები.