ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მრევლის დასწრება შეიზღუდება - დეკანოზი თეოდორე

პუბლიკა

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში მღვდელმსახურება კვლავ გაგრძელდება, თუმცა მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

„დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მით უმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა – იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა…..

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ, სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში“, – აცხადებს გიგნაძე.

„პუბლიკა“ ცდილობს დააზუსტოს კონკრეტულად რა ღონისძიებები იგულისხმება „მრევლის დასწრების შეზღუდვაში“. ინფორმაცია მიღებისთანავე დაემატება მასალას.