კაია კალასი: ევროკავშირის გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია

პუბლიკა

დღეს, 9 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა.

შეკრებილ ელჩებს სიტყვით მიმართა ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა.

კალასმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი უმთავრესი გლობალური კრიზისი – ომი ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

„მათ საერთო საფუძველი აქვთ – საერთაშორისო სამართლის ეროზია. ეს პროცესი მაშინ გამწვავდა, როდესაც რუსეთი – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას და ეს სრული დაუსჯელობით გააკეთა.

ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. პირიქით, ამან მთელ მსოფლიოს გაუგზავნა სიგნალი, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აღარ არსებობს: წესების სახელმძღვანელო ფანჯრიდან გადააგდეს“, – თქვა კალასმა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლისა და ანგარიშვალდებულების აღდგენის გარეშე „განწირულნი ვართ არეულობისა და ქაოსისთვის“.

„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ახლო აღმოსავლეთში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს დასასრული არ უჩანს.

ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა ნიადაგს მსოფლიოს საკუთარ ყაიდაზე გარდასაქმნელად.

კონფლიქტები აფრიკაში, მაგალითად, სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არ ავლენს ნიშნებს, რომ მალე შენელდება, ხოლო ატლანტის ოკეანის მიღმა ფუნდამენტური რეორიენტაცია მიმდინარეობს.

ჯამში, ეს ტენდენციები მიგვითითებს ახალ მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ხასიათდება კონკურენციითა და ძალისმიერი პოლიტიკით, სადაც სამხედრო ძალები გავლენის სფეროების დამკვიდრებასა და შენარჩუნებას ცდილობენ. ჩვენ უკვე ვხედავთ არსებული საერთაშორისო ნორმების, წესებისა და ინსტიტუტების დასუსტებას, რომლებსაც 80 წლის განმავლობაში ვაშენებდით.

ის, თუ როგორ ვუპასუხებთ ამ მომენტს, უფრო მეტს ამბობს ჩვენზე, ვიდრე თავად ახალ რეალობაზე“.

კალასის განცხადებით, ევროპის წარმატების ხარისხი ორ რამეზეა დამოკიდებული: შეასრულოს პრიორიტეტები და მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჩამოთვალა სამი პრიორიტეტი:

პირველი – ევროპის თავდაცვა, მათ შორის ჩვენი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი.

„ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია. დღეისათვის ევროკავშირი უკრაინის ნომერ პირველი მხარდამჭერია, 2022 წლიდან გამოყოფილი 195 მილიარდი ევროთი. და აქ არ შედის მომზადების პროცესში მყოფი 90-მილიარდიანი სესხი“, – თქვა კალასმა.

მან ხაზი გაუსვა მუშაობაზე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ“ და ბრძოლაზე უცხოურ ჩარევასა და ინფორმაციულ მანიპულაციასთან (FIMI), მაგალითად მოლდოვაში. ასევე, ევროკავშირის საერთო თავდაცვაზე.

კალასმა ისაუბრა რუსეთის მდგომარეობასა და მასთან მოლაპარაკებებზე – რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას აშშ აწარმოებს, ხოლო ევროპა, რომელიც უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია, პროცესში ჩართული არ არის.

„ნათელია, რომ რუსეთი არ იგებს. მისი არმია ჩაფლულია ჭაობში, ეკონომიკა კი მკვეთრ დაღმასვლას განიცდის. დემოგრაფიულად რუსეთი შიგნიდან ინგრევა. სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც რუსეთი ამჟამად წარმოადგენს, არის ის, რომ მან შეიძლება უფრო მეტს მიაღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და კოგნიტიური ომით, ვიდრე ბრძოლის ველზე. სწორედ ამიტომ, მაგიდასთან ადგილის ქონაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მოითხოვო იქ. რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს მინიმალისტური პასუხით ვერ დავხვდებით.

ეს უბრალოდ საღი აზრია:

  • თუ უკრაინის სამხედრო ძალები უნდა შეიზღუდოს – რუსეთისაც უნდა შეიზღუდოს;
  • სადაც რუსეთმა უკრაინას ზიანი მიაყენა, იქ რუსეთმა უნდა გადაიხადოს;
  • არანაირი ამნისტია ომის დანაშაულებსა თუ აგრესიის დანაშაულებზე;
  • დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

და ეს იმ დაშვებით, რომ რუსეთს მშვიდობა სურს. მაგრამ მწარე რეალობა ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება უნდა. შაბათის მასობრივმა დარტყმებმა უკრაინაზე, რამაც კვლავ იმსხვერპლა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე,  ეს სრულიად ნათელი გახადა.

პირიქით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ომის გაფართოება სურს. ამიტომ, ჩვენც ხელახლა ვიარაღდებით ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამას ვაკეთებთ როგორც ორმხრივად, ისე NATO-სთან თანამშრომლობით, ალიანსის ფარგლებში ძლიერი ევროპული საყრდენის განვითარებით. ომის შეკავება უფრო იაფია, ვიდრე მასში მონაწილეობა“, – ამბობს კაია კალასი.

მისი განცხადებით, ამ მიზნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად მუშაობენ ახალ კომპლექსურ მიდგომაზე ევროპული უსაფრთხოების ყველა განზომილების მოსაგვარებლად – ეკონომიკური უსაფრთხოებიდან მზადყოფნამდე, ტექნოლოგიური ავტონომიიდან თავდაცვის საკითხებამდე.

კაია კალასის თქმით, მეორე პრიორიტეტი ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილურობაა.

„გაფართოება შეფასებულია, როგორც ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც აფართოებს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის არეალს.

ის უნდა დარჩეს დამსახურებაზე დაფუძნებული. თუმცა არსებულ კონტექსტში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება გეოპოლიტიკური არჩევანია. როგორც ჩანს, ჩვენს მოქალაქეებს ეს ესმით.

ევრობარომეტრის“ მონაცემებით, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს გაფართოებას, ვიდრე, მაგალითად, წუხს არაკონტროლირებად მიგრაციაზე. მაგრამ ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ გაფართოების ისტორიის თხრობა. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი – ევროკავშირი აქაა და არსად წასვლას არ აპირებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მან ისაუბრა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაზე და თქვა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ იქ ევროკავშირი უფრო აქტიური იქნება.

„ათი დღის წინანდელი მდგომარეობით, ახლო აღმოსავლეთში სრულიად ახალ სიტუაციაში ვართ. კიდევ ერთ ომს მოაქვს გაურკვევლობა და ქაოსი. ირანი პასუხისმგებელია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძალადობაზე და რაც ნაკლები შანსი ექნება ირანს რეგიონის დასატერორებლად, მით უკეთესი. რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ არ არსებობს მკაფიო ტრაექტორია, როგორ დასრულდება ეს ომი. ცნობები იმის შესახებ, რომ მოსკოვი და თეირანი ერთად მუშაობენ აშშ-ის ჯარებზე თავდასხმისთვის, გასაკვირი არ უნდა იყოს. უკრაინა კი, მეორე მხრივ, სთავაზობს დახმარებას ყურის ქვეყნების პარტნიორებს. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მიგვანიშნებს, ვინ არიან თქვენი მეგობრები“, – თქვა უმაღლესმა დიპლომატმა.

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ამზადებს ახალ ინიციატივას, რათა უპასუხოს დრონების ჩამოგდების სისტემების საჭიროებას, რათა გახდეს შუამავალი უკრაინის ინდუსტრიულ შესაძლებლობებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო საჭიროებებს შორის.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის მესამე პრიორიტეტი არის პარტნიორობა ევროპის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ ახლად გაფორმებულ შეთანხმებებს მერკუსორის ქვეყნებთან და ინდოეთთან ვაჭრობის შესახებ. მისი განცხადებით, იგეგმება შეთანხმება მექსიკასთან, ავსტრალიასთან და სხვებთან.

„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს პარტნიორობის დივერსიფიკაციას გაზრდილი რისკების სამართავად. ჩვენ მსგავსად, ისინიც ეძებენ სტაბილურობას და კოლექტიურ მოქმედებას. ჩვენ მსგავსად, მათაც ისწავლეს, რომ დამოკიდებულება გვასუსტებს და ზედმეტ ბერკეტს აძლევს მათ, ვისაც მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა სურს. და ჩვენ მსგავსად, მათაც ესმით, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარდაუვალი ანარქიისა და ტანჯვის თავიდან ასაცილებლად“.

ელჩებს მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. 

მისი განცხადებით, „ევროკავშირმა „ფხიზლად და კრიტიკულად“ უნდა გადახედოს იმას, თუ როგორ აწარმოებს საგარეო პოლიტიკას დღევანდელ გეოპოლიტიკურ კლიმატში“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეჭვევქეშ დააყენა ის, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლის თანხმობა და კონსენსუსი სჭირდება.

ფონ დერ ლაიენმა დასვა კითხვა, ეს „უფრო მეტად ხელისშემწყობია თუ ხელისშემშლელი“.

„ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, პასუხობს თუ არა ჩვენი დოქტრინა, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომლებიც ომისშემდგომი სტაბილურობისა და მულტილატერალიზმის ეპოქაში შეიქმნა, ჩვენ გარშემო არსებული ცვლილებების სისწრაფეს, როგორც მათი სტრუქტურის, ისე მათი გამოყენების თვალსაზრისით. ვიცი, რომ ეს მკაცრი გზავნილია და რთული საუბარი გველის“, – მიმართა მან ელჩებს.

უკრაინისთვის დაპირებული 90 მილიარდი ევროს სესხზე საუბრისას ურსულლა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„თქვენ ყველამ ნახეთ ის სირთულეები, რომლებსაც ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად წავაწყდით, მას შემდეგაც კი, რაც ევროკავშირის 27-ვე ლიდერი შეთანხმდა. ეს კვლავ იმ საკითხთან ბრუნდება, შეუძლია თუ არა ჩვენს სისტემას ეფექტიანად მუშაობა.

დეტალების დაზუსტების გარეშე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი კიევს აღნიშნულ სესხს აუცილებლად გადასცემს, „რადგან სასწორზე ევროკავშირის რეპუტაცია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი უსაფრთხოება დევს.

რადიკალური ცვლილებების ეპოქაში ჩვენ შეგვიძლია ან ჩავეჭიდოთ იმას, რაც ადრე გვმატებდა ძალას და დავიცვათ ჩვევები, რომლებიც ისტორიამ უკვე უკან მოიტოვა, ან ავირჩიოთ სხვა ბედი ევროპისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.