საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხულო კაცების 68% ეთანხმება აზრს, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა მას უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრებას ქალების მხოლოდ 34% იზიარებს. 2013 წელს კი კაცების 88% ფიქრობდა ამგვარად და ქალების 71%.
კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი წილი კვლავაც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, ქალების მეგობრებთან დაკავშირებითაც, კაცებს მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ.
დებულებას – „ქალებს უნდა შეეძლოთ, აირჩიონ მეგობრები, თუნდაც მათ ქმრებს არ მოსწონდეთ ისინი“ ეთანხმება კაცების 60.1% და ქალების 49.2%.
კვლევამ აჩვენა, რომ საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.
ქალების, დაახლოებით, 94% ამბობს, რომ, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%, ანუ ამბობს, რომ ამ საქმეს, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მისი პარტნიორი აკეთებს. საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 85% ამბობს, რომ, ყოველთვის ან ჩვეულებრივ, ოჯახში ტრადიციულ მამაკაცურ მოვალეობებს ასრულებს, რაც, მაგალითად, სახლში რაღაცების შეკეთებას გულისხმობს. საჭმლის მომზადებასა და სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ საქმეს, ძირითადად, ქალები აკეთებენ. როგორც ქალებისა და კაცების თითქმის ნახევარი ამბობს, თანაბრად განაწილებული მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენაა.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.
თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.
კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).