კაცების უმრავლესობა ქალს, რომელსაც პრეზერვატივი ექნებოდა, უწესო ქალად შეაფასებდა - კვლევა

პუბლიკა

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის მანძილზე ამ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევის მიხედვით, ქალებისა და კაცების უმრავლესობა იზიარებს, რომ კონტრაცეფციის ტიპზე გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად უნდა მიიღოს. თუმცა, მნიშვნელოვან რაოდენობას ანუ ქალების მეოთხედზე და კაცების მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ფეხმძიმობის თავიდან არიდება მხოლოდ ქალის მოვალეობაა. იგივე რაოდენობის ქალებმა და კაცებმა განაცხადეს, რომ მიუღებელია, თუკი ცოლი ქმარს პრეზერვატივის გამოყენებას მოსთხოვს.

კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალს, რომელსაც პრეზერვატივი ექნებოდა, უწესო და „ადვილად ხელმისაწვდომ’’ ქალად შეაფასებდა. კონტრაცეფციასთან დაკავშრებით წყვილების საერთო გადაწყვეტილების მომხრე ქალების რაოდენობა 2013 წლიდან იგივე დარჩა, კაცების რაოდენობამ კი შედარებით იკლო. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 74% იყო, 2019 წელს კი 69%-მდე შემცირდა.

როგორც ირკვევა, კაცების ჰიპერსექსუალობის შესახებ არსებულ შეხედულებას კაცები უფრო ემხრობიან. ქალებზე, დაახლოებით, ოთხჯერ მეტი კაცი იზიარებს, რომ კაცს სექსუალური კონტაქტი სხვა ქალთანაც სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან, ამ მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს. ასევე, ორჯერ მეტი ქალი აცხადებს, რომ კაცები სექსისთვის ყოველთვის მზად არიან. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ შეხედულებაზე, რომ კაცი უფრო მეტად არის მზად სექსისთვის, ვიდრე ქალი, კაცების 65 და ქალების 35% დადებითი პასუხი გასცა.

შვილების დაბადებას დაესწრო კაცების 7%. ეს მაჩვენებელი 2013 წელს იყო 5%. ორსულობის პერიოდში მუღლეს ექიმთან ვიზიტზე გაჰყოლია კაცების 71%. 2013 წლის კვლევის დროს ეს მაჩვენებლი 54% იყო.

ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს რაც შეეხება, ხუთიდან, დაახლოებით, ერთი კაცი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ექიმთან, ან რომ ბოლო ვიზიტი 5 წლის წინ ჰქონდა. როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ როდის იყვნენ ბოლოს ექიმთან ან უკანასკნელად როდის მიიღეს სამედიცინო დახმარება, 31%-მა თქვა, რომ ეს 12 თვით ადრე მოხდა.

სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებას  და შედეგებს რაც შეეხება,  ხუთიდან ოთხზე მეტმა გამოკითხულმა ქალმა განაცხადა, რომ, გასული წლის განმავლობაში, ალკოჰოლი არ მიუღია. იგივე ხუთიდან მხოლოდ ერთმა კაცმა აღნიშნა. თითქმის ყველა ქალმა და კაცმა განაცხადა, რომ, გასული წლის განმავლობაში, არავითარი ნარკოტიკი არ მიუღია.

რესპონდენტების თქმით, როდესაც სევდა ან სასოწარკვეთა ეუფლებათ, დახმარებისთვის თითქმის თანაბრად მიმართავენ პარტნიო რებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

გასული წლის განმავლობაში, დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შესახებ, დაახლოებით, სამიდან ერთმა რესპონდენტმა განაცხადა. 33%-მა განაცხადა, რომ უხალისობის შეგრძნება გარკვეულ დღეებში, ან საკმაოდ ხშირად ჰქონია, ხოლო 27%-მა განაცხადა, რომ თავს უენერგიოდ ან დეპრესიულად გრძნობდა. კაცებზე მეტმა ქალებმა, კერძოდ, ქალების 25%-მა და კაცების 22%-მა განაცხადა, რომ, გარკვეულ დღეებში, თავს უიმედოდ და დეპრესიულად გრძნობდა. ამასთან, მეტმა ქალმა, ანუ 32%-მა თქვა, რომ, გარკვეულ დღეებში, ან გასული ორი კვირის განმავლობაში, რაიმეს კეთებისა და სიამოვნების მიღებისადმი დაბალი ინტერესი ჰქონია. იგივე განაცხადა კაცების 26%-მა. როგორც ჩანს, დეპრესიის მიმართ ქალები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე კაცები.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2 408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.