ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“.
მელიამ, ამ განცხადების გამო, კობახიძეს უსამშობლო კაცი უწოდა და მტრის მსახურებაში დაადანაშაულა. „კობახიძე მტრის მსახურებამ ისე დააბრმავა, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის.“ – წერს მელია.
მელიას დღეს მედიასთან ბრიფინგზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და „კაცის კაცი“ უწოდა. „გახსოვთ, რომ თვეების მანძილზე ვიყენებდით ამ ტერმინს უსამშობლოს და ახლაც ვიყენებთ, ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როცა შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება. რაც შეეხება, თვითონ „ნაცმოძრაობას“ და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე.“ – თქვა კობახიძემ.
ამ გამოხმაურების შემდეგ მელია კიდევ ერთხელ, ისევ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კობახიძეს და „არაკაცის არაკაცი“ უწოდა.
„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ–საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ–პირატესობა და მზად ვართ უ–ნაკლოდ და უ–პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ–სწრაფესად და უ–ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას. დიახ, ბევრი უ– შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ–ვადოდ მოგიშოროთ“.