კაციტაძე: სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არაა

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის.

ამის შესახებ კაციტაძემ IPN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კაციტაძის ცნობით, საქმეზე ადვოკატების ინიციატივით დამატებით რამდენიმე ექსპერტიზაცაა დანიშნული და გამოძიება გრძელდება.

„ისინი ითხოვდნენ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა მისი მკურნალობა პენიტენციურ – მე-12 და მე-18 დაწესებულებაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და დღეს ეს ექსპერტიზები დანიშნულია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის შედეგები.

ექსპერტიზის იმ შედეგებით, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, საქმეზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. სრული სურათის შესაქმნელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხის მიღება“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.


უკრაინაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სააკაშვილი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. საქმე მის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

6 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს შუამდგომლობა, დასაკითხად სააკაშვილი დროებით უკრაინაში გადაიყვანონ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ზავორიტნის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეაწტყობინებს. სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანაზე გადაწყვეტილებას თბილისში მიიღებენ.