„კაცმა სიტყვა არ უნდა გატეხო, ერთხელ რომ იტყვი, უნდა შეასრულო“, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა, შესაძლოა ის კვლავ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ისე, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა.
მისი თქმით, 2018 წელს მისი დაბრუნება აუცილებელი გახდა, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, მრავალპარტიული და საჭირო იყო, რომ ის ჩამოყალიბებულიყო და ერთ იდეოლოგიაზე დაფუძნებულიყო.
„ჩვენ მოვკრიბეთ ყველა საღი ძალა 2011 წელს, ვისაც კი ხელი მოეკიდებოდა. ბევრი წარმატებული იყო, ბევრი ნაკლებად წარმატებული და, რა თქმა უნდა, ასე პარტია ვერ ჩამოყალიბდა. გაჩნდა ხიფათი, რომ პარტიას, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო ძალიან რეალური. მიზეზები ჰქონდა, რომ პარტია არ იყო შემდგარი. მე შემოვბრუბდი და 2 წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, მე ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, ჩემი ჩვევები, ჩემი გამოცდილება გავაკეთე და აი, ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა წერილი, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პარტიას.