თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა 2 ივლისს მეუღლეს სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.