„კახეთში კაცს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო გაუვრცელეს, ფაქტიდან მალევე მან თავი მოიკლა“ - დააკავეს 2 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს.

აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.