კადიროვი ჩეჩენ მებრძოლებს უკრაინაში გზავნის და ზელენსკის ემუქრება

პუბლიკა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გროზნოში, მოედანზე, უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნი ჯარისკაცების ფონზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის დაემუქრა და ვლადიმერ პუტინთან ბოდიშის მოსახდელად დარეკვა მოსთხოვა. ინფორმაციას გროზნოში შეიარაღებულ ძალებთან გამართული შეხვედრის შესახებ რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

„გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მინდა, რჩევა მივცე მოქმედ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი არ გამხდარა, რაც შეიძლება მალე დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს, უზენაეს სარდალს ვლადიმერ პუტინს და ბოდიში მოუხადოს პუტინს“, – განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში გაგზავნილი ჩეჩენი მებრძოლები ყველაზე ცხელ წერტილებს დაიკავებენ.

„თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ჩვენთან შეხვედრა, მაშინ გეპატიჟებით, სიამოვნებით შევხვდეთ იქ“, – განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა და მოუწოდა ყველას, მზად იყვნენ ყველაფრისთვის ჩეჩენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.