კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი კაცს სცემს

პუბლიკა

ჩეჩნეთის პროპუტინისტმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა Telegram-ში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ სცემს მისი შვილი, 15 წლის ადამი ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვის ბრალდებითაა დაკავებული.

ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს კადიროვის სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი შვილი ხელებს და ფეხებს ჟურაველს, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი სკამიდან იატაკზე ეცემა, კადიროვის შვილი კი მის ცემას აგრძელებს.

19 წლის ნიკიტა ჟურაველმა 2023 წლის მაისში, ვოლვოგრადის რეგიონში საჯაროდ დაწვა ყურანი. ის ჩეჩნეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, რადგან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა გამოსცა ბრძანება, ჟურაველის საქმე ჩეჩნეთში გადაეტანათ.

ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის შვილმა კაცზე იძალადა, აგვისტოში გავრცელდა – რუსეთის სახალხო დამცველს შესაბამისი საჩივრით თავად ნიკიტა ჟურაველმა მიმართა. ომუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ გამოძიების ჩატარების მოთხოვნით ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართა. 

25 სექტემბერს ძლადობის ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის „ლიდერმა” თავად გაავრცელა, მისი თქმით, ეჭვის გასაფანტად, ნამდვილად მოხდა თუ არა ინციდენტი.

„სცემა და სწორად მოიქცა. […] გაზვიადების გარეშე, დიახ, ამაყი ვარ ადამის საქციელით“. – თქვა მან.

რამზან კადიროვი თავის სამ შვილზე ამბობს, რომ ისინი რუსეთისთვის საბრძოლველად იყვნენ უკრაინასთან ომში წასული. Reuters-ის ცნობით, ცნობილი არ არის, რა სახის ოპერაციებში მონაწილეობდნენ ისინი. კადიროვის უფროსი შვილი, ახმათი მარტში კრემლში, პუტინთან ერთად გადაიღეს, რამაც გაამყარა ეჭვი იმის შესახებ, რომ მას რამზან კადიროვის მემკვიდრედ ამზადებენ.