კაფე-ბარში კაცმა ქალს დაარტყა, მომდევნო დილით ქალი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს - პროკურატურა

პუბლიკა

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

გამოძიების მიხედვით,  26 იანვარს,  ქ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული  ერთად წავიდნენ ბათუმში,  ერთ-ერთ სასტუმროში.  26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამოდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.