კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის.
ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა.
„სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ”. – წერს კაფე „მზიური”.
სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება.
კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.
კახა კალაძემ თქვა, რომ „არ უნდა, რომ სალაპარაკო გახდეს, რომ „მზიურის” კაფეს შენობა რამდენჯერმე გადაეცა ერთ ადამიანს”. მისივე თქმით, „მზიურის“ კაფეს ექნება იგივე – სოციალური სტატუსი და ის პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა.
კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.
დღეს კაფე „მზიური“ წერს:
„ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს. როგორც იცით, კაფე “მზიური” წარმოადგენს სოციალურ საწარმოს (რაც გულისხმობს ფინანსური მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ მიზნებში) და გახსნის დღიდან დასახული მიზნების ერთგულია. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ სივრცეში არსებულმა კაფემ გააგრძელოს იგივე კონცეფციით მუშაობა. გაითვალისწინოს ჩვენი საზოგადოების სოციალური პრობლემები და გარემოსდაცვითი საკითხები.
გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი კაფე არ გადაიქცევა მდიდარი ბიზნემენის მორიგ ობიექტად და წყალში არ ჩაგვიყრის მრავალი წლის მანძილზე ერთობლივი შრომით მიღებულ შედეგს.
გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. “მზიური” უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი.
ეს პატარა კაფე არ არის მხოლოდ შენობა და ერთი საკადასტრო კოდი – ის ვართ ჩვენ”.