„კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი“ - ომბუდსმენი „ოცნების“ წევრების განცხადებებზე

პუბლიკა

რა შეიძლება ვთქვა? – კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.

„დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები: სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული; 2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ; 3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა… რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი… “,- წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

„სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას ომბუდსმენის განცხადებაზე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ომბუდსმენმა სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის თანახმად, ის არ შეესაბამება რეკომენდაციებს და არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.