ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში ქართულ ბანკებს შეფერხება არ შეექმნებათ.
„ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და მეკითხებით მე. მე როგორ შეიძლება აგიხსნათ დეტალური პროცედურები? მე ვიცი, რომ საქართველოს ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ეს განცხადება საბანკო ასოციაციამ გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას.
ეროვნული ბანკის განცხადების იურიდიულ საფუძვლებზე მე ნუ მკითხავთ.
[…] მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისოდ აქვთ აღებული. ამავდროულად ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა. […] საქართველოს ბანკებს სანქციების აღსრულებაში შეფერხება არ შეექმნებათ“, – განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი განსხვავებული წესით ვრცელდება. კერძოდ, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სანქციების საფუძველზე საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.