თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილედ კახა გულედანი წარადგინა.
კალაძის განცხადებით, გულედანი იმ მიმართულებას ჩაიბარებს, რასაც ილია ელოშვილი უძღვებოდა.
კალაძემ მიმართა შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს, რომ ის პროექტები, რომლებიც ელოშვილმა წამოიწყო, აუცილებლად დასრულდება.
„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი“, – განაცხადა კალაძემ.
კახა გულედანი თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, იქამდე სამგორის რაიონის გამგებელი იყო.