თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის საბაგირო აღდგება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, საბაგიროს აღდგენა ამ დრომდე გარკვეული პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პრობლემები აღმოფხვრილია. კერძოდ, მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან განსახლების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
„ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. როდესაც მერიაში ჩვენი უფლებამოსილების შესრულებას შევუდექით, ამ საკითხზე მუშაობა პირველი დღიდან დავიწყეთ. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით პროექტის განხორციელებას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განსახორციელებლად შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას დაახლოებით, ორი წელიწადი დასჭირდება.
„რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი და საათში 1 100 ადამიანს გადაიყვანს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.