თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძეს საბოლოო დიაგნოზის სახით იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. თბილისის მერი თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობის დინამიკა დადებითია.
„აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.
დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“, – აცხადებს მერიის პრესსამსახური.
კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა და საავადმყოფოში გამოკვლევებს უტარებდნენ. თავდაპირველად, კალაძე წერდა, რომ მას ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია ჰქონდა, მაგრამ კვლევების შემდეგ დიაგნოზი შეიცვალა და ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.