თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.
„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით.
სამუშაოების მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.