დმანისში პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის მომხრეებს თავს დაესხნენ, – ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა“ არხმა გაავრცელა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დმანისში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სსკ 126-ე და 187-ე მუხლებითაა დაწყებული. სსკ 126-ე მუხლი ძალადობას, ხოლო 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფაქტს გამოეხმაურა თავად კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.
„ზურაბ ოკმელაშვილი, რომელიც აგრესიულად იქცევა, აშინებს ადამიანებს… ცდილობს, საარჩევნო პოზიციები შეაცვლევინოს ძალით, ძალის გამოყენებით. თავს დაესხნენ ერთ-ერთ პიროვნებას… მერე კრებენ რამდენიმე ათეულ ადამიანს ყოველდღიურად მერიის წინ და რაღაც თავდასხმების იმიტაციებს აკეთებენ. მე ვეჭვობ, რომ შესაძლებელია, განმეორდეს ასეთი რამ. მიზეზია პოლიტიკური მოტივაცია, რომ „თქვენი 5-იანი… თქვენი ისა.. თქვენი ესა… არავინ არ არის დაკავებული. არადა, ის გააგრძელებს აგრესიულ ქმედებებს“, — აღნიშნავს ოქრიაშვილი.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა და არჩევნებში ერთ ბლოკად მიიღებს მონაწილეობას.