ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრმა და ბიზნესმენმა, კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა. ინფორმაციას პარტიის შექმნაზე კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.
ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და ლაშა ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კახა ოქრიაშვილი მოქმედი პარლამენტის წევრია. ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია დმანისის საარჩევნო ოლქში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში.
ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ის ერთ-ერთია მილიონერი დეპუტატების სიაში. არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და წლების განმავლობაში შპს „პსპ“-ის გენერალური დირექტორი იყო.
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.