კახა შენგელია: ხომ შემეძლო, ნინო ჟიჟილაშვილიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?

პუბლიკა

„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის, კახა შენგელიას განცხადებით, ტყუილია, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

კახა შენგელიამ BMG-ის განუცხადა, რომ ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.

„კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკური სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა თქვა, რომ „კავკასიის ეკონომიკის სკოლიდან“ „ბიძინა ივანიშვილის გინების” საბაბით გაათავისუფლეს.

მისი თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 7 მაისს გამოიცა. თუმცა მანამდე, 29 აპრილს „კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორმა, კახა შენგელიამ „დაიბარა და უთხრა, რომ სუს-ი მისი სამსახურიდან გაშვებას ითხოვს”.

კახა შენგელიამ BMG-ს უთხრა, რომ სოსო ბერიკაშვილი „უნივერსიტეტში არაფერს არ აკეთებდა და ამიტომ აპირებდა მის გაშვებას”.

გამოცემამ შენგელიას კითხა:

– ანუ პოლიტიკური მიზეზით არ გაგიშვიათ სამსახურიდან და არც სუს-ს მოუთხოვია, როგორც თავად სოსო ბერიკაშვილი აცხადებს?

შენგელიამ უპასუხა:

– ტყუილია… მთელმა უნივერსიტეტმა იცის, რა პრობლემები მქონდა მასთან ურთიერთობაში. ბორდის სხდომა ისე არ ჩატარებულა, მისთვის საყვედური არ მეთქვას. ისე მოხდა, რომ უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი… ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?! არა მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილი, უნივერსიტეტში მთელი „ოპოზიციაა“, ყველა უნივერსიტეტშია.