სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება 22 ივლისს შეაჩერა. სასამართლოს სარჩელით მანუჩარ კაკოჩაშვილმა მიმართა.
კახა წიქარიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლო მმართველი პარტიის დაკვეთას ასრულებს.
„მოსამართლემ შეაჩერა ჩემი უფლებამოსილება იმ საბაბით და იმ მოტივით, რომ ჩემი იქ ყოფნა ხელს შეუშლის მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს არის პარადოქსი, რადგან იუსტიციის საბჭოში კარს ვერ ავჭედავ და ვერ გამოვიკეტები ოთახში, რომ ჩემი იძულებით გამოყვანა გამხდარიყო საჭირო იმ ოთახიდან.
[…] გამოდის, რომ მოსამართლე ზრუნავს მხოლოდ მანუჩარ კაკოჩაშვილზე და ის არ მსჯელობს იმაზე, თუ რა ინტერესი დგას მეორე მხარეს.
[…] მეორე მხარეს დგას თვითონ საჯარო ინტერესი, რომ პრეზიდენტს ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე ეუბნება პრეზიდენტს, რომ შენი განკარგულება არის საეჭვო, მაგრამ არ ეუბნება, რომელ კანონს ეწინააღმდეგება, რაში გამოიხატება. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებიდან“ იყო დაკვეთა, რომ არჩევნებამდე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის საბჭოში“, – უთხრა წიქარიშვილმა „TV პირველს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, გურამ იმნაძის შეფასებით, სასამართლო ერევა პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. მისი თქმით, ამის მიზანია, იუსტიციის საბჭოში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მანუჩარ კაკოჩაშვილს თავადაც სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).
სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.