„ეს არის ადამიანების გულწრფელი ბრაზი, ემოცია, პროტესტი“, – ასე შეაფასა აქციის ორგანიზატორმა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ის აქცია, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხადასაჭერად საქართველოს პროკურატურის შენობასთან გაიმართა.
„ჩემი სრული მხარდაჭერა ამ ორ, წესიერ მოქალაქეს, სახელმწიფო მოხელეს, მათ ოჯახებს. მინდა მათ იცოდნენ, რომ რაც არ უნდა ბინძური იყოს დღეს ხელისუფლება, არ ეგონოთ, რომ ვინმე მათ მარტო დატოვებს და დაივიწყებს“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
მისი შეფასებით გარეჯის საკითხზე კომისიის წევრების დაკავება, წინასაარჩევნო ამოცანებს ემსახურება.
„მე არ მაინტერესებს კონკრეტულად ვის შეიძლება ამან არგოს. ან ვინ შეიძლება პოლიტიკურად მოიგოს ან წააგოს. არცერთი არჩევნები არ ღირს ადამიანების ჯანმრთელობად და დღეს ამ წესიერი ადამიანების ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ხოშტარიამ.
პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე დავით გარეჯის სადემარკაციო კომისიის ორი წევრის დაკავებას ბრიფინგით გამოეხმაურა.
კალაძემ განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.