კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ.

პუბლიკას ინფორმაციით ზ.ზ. ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაურია.

სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზ, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირების მონაწილის, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნ.კ.-ის მიერ გასროლის  შედეგად დაიჭრა ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც. 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიების თანახმად, დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.