კახეთში, ვისაც სტიქიამ ფართობები სრულად გაუნადგურა, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით - პრემიერი

პუბლიკა

„კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერი და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდნენ ადგილზე, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და მოსახლეობას ადგილზე მოუგვარეს  პრობლემა.

„რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა.

შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში – 1 ლარს.

მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე, თვითონ აღუდგენს და დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.