კახიანი: ერთი წევრი მაინც თუ მოხვდა სიაში, რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაანონსებულ სანქციებს და აცხადებს, რომ „გაუგებარია”, თუ სიაში რუსული კანონის მხარდამჭერი ერთი დეპუტატი მაინც მოხვდა, რატომ არ უნდა მოხვედრილიყო დანარჩენი 83.

„უბრალოდ გაუგებარი არის, ერთი პარლამენტის წევრი მაინც თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83, იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონის მიღებას.

უმრავლესობის ყველა წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამე, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა.