კახიშვილი დეკლარაციებში პოლიციის თანამშრომლების მონაცემების დაფარვის საჭიროებაზე საუბრობს

პუბლიკა

დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

დეპუტატმა კახა კახიშვილმა გომელაურს ინიციატივით მიმართა, პოლიციელებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში, რომელიც ონალინსივრცეშია განთავსებული, დაშტრიხული იყოს მათი და მათი ახლობლების საცხოვრებელი სახლების, ტელეფონის ნომრებისა და ოჯახის წევრების სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ამ ტიპის ინფორმაციის საჯაროდ განთავსება  შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. 

„ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში პოლიციელებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების მიმართ ფაქტობრივ დევნას. ამ დროს მათი დეკლარაციები ღია სივრცეებში განთავსებულია ინტერნეტში და ფაქტობრივად გაშიფრულია საცხოვრებელი ადგილები, მანქანის ნომრები, ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, მისამართები, როგორ დადიან, საიდან სად მიდიან და ა.შ. გვაქვს საქმე, ერთი მხრივ, იმასთან, რომ ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლის ველზე დგაგან პირველ ხაზზე და, მეორე მხრივ, მათი და მათი ოჯახის წევრების შესახებ მთელი ინფორმაცია ღიად მოიპოვება და შეიძლება დარტყმის საგანი გახდეს რომელიმე პოლიციელი ან სპეცსამსახურის თანამშრომელი“.

კახიშვილის განმარტებით, დეკლარაცია შეიძლება განთავსებული იყოს ონლაინსივრცეში, მაგრამ სპეცსამსახურების თანამშრომლებთან მიმართებაში შესაძლოა  მათი მისამართები დაშტრიხული იყოს.

„ანუ პირობითად პოლიციელი რა ქონებას ფლობს,  ეს ინფორმაცია არის, მაგრამ მისი მისამართი, ცოლის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ ეს ყველაფერი იქნება დაშტრიხული, ხოლო თუ ვინმე დაინტერესებული მხარეა მან უკვე მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოითხოვოს და დეტალურად შეისწავლოს, ამაზე პრობლემა არ არის. მაგრამ ღია სივრცეში სპეცსამსახურის თანამშრომლების , მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლების საანკეტო მონაცემები და  მათი სანათესაო წრის გაშიფვრა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, აუცილებელი არ არის რაღაც მოხდეს და მერე ვიფიქროთ. სჯობს წინასწარ, პრევენციულად ვიმუშაოთ მასზე, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორთან და პარლამენტთან ერთად“, – განაცხადა კახიშვილმა.