კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ.
კერძოდ, ისინი ბრალად წარდგენილ მუხლში ეთანხმებიან სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს, თუმცა არ ეთანხმებიან ქმედების ჯგუფურად ჩადენის ნაწილს.
ამის შესახებ ბრალდებულებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს.
მათმა ადვოკატმა, გურო იმნაძემ შუამდგომლობის წარდგენისას განაცხადა, რომ ბრალდებულები მზად არიან, აანაზღაურონ მანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი.
„ბრალდებულები აღიარებენ ნაწილობრივ დანაშაულს, ამ ნაწილში ეთანამშრომლებიან გამოძიებას და აქვთ მზაობა, რომ აანაზღაურონ, ქმედების ზიანი, რაც მიადგა აღსრულების სამსახურის ავტომობილს, არანაირი მტკიცებულება, არანაირი მითითება, ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს ადამიანები მომავალში ჩაიდენე დანაშაულს, არ არსებობს, პირიქით, ისინი მზად არიან, ამ ნაწილში ითანამშრომლონ გამოძიებასთან, აანაზღაურონ ზიაში და მათ მიმართ ეჭვი, რომ ისინი ჩაიდენენ სხვა დანაშაულს, არის დაუსაბუთებელი“, – თქვა მან.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივად კი ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარმოადგინეს იმ პირთა სია, ვინც მათ თავდებში ჩაუდგება.
კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებიან თსუ-ის პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მოითხოვენ პატიმრობას, რადგან დგას დანაშაულის განმეორების საფრთხე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „ხმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ხასაია „მხილებულია მსგავსი დანაშაულის ჩადენაში“.
„ბატონი გიორგი ხასაია მხილებულია მსგავსი დანაშაულის ჩადენაში უახლეოეს წარსულში და ეს ქმნის დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეს“, – თქვა პროკურორმა.