თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალიზმის 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს.
„მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია დაფიქსირებული – ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსასლელები, გაჩერებები და ა.შ.
ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს მისი გამკაცრება. ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რომელიც ისევ თქვენი თანხაა, რიგითი მოქალაქეების, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს მაშინ, როცა შეგვიძლია, აღნიშნული თანხები მივმართოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე“, – თქვა კალაძემ.
მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მკაცრად აღსრულდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები.
„ვთხოვ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმღვანელს გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რომ ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები.
ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მადლობა პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია. არავის დაჯარიმება არ გვიხარია.
ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის ყველასი. გთხოვთ, არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო საერგებლობის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება“, – თქვა კახა კალაძემ.