კალაძე: 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

კერძოდ, მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე);
  • N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე);
  • N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე).

„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია.

თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.

„თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია”, – განაცხადა მერმა.

კალაძის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, 43 დასაჯდომი ადგილით. ასევე, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას.