„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები წარმოადგინა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპონდენტი, რომელთაგან ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.
მისივე თქმით, კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: კახა კალაძე – 66,2 პროცენტი , ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს არჩევნებს, პაპუაშვილის თქმით, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ – 46.3%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 23.3%
“გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5.3%
„საქართველოსთვის“ – 5.2%
„მოქალაქეები“ – 3.3%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.3%
„ლელო“ – 2.3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2.1%
„ევროპული საქართველო“ – 1.4%
„გირჩი“ – 1.2%
„ლეიბორისტული პარტია“ – 0.9%
„ერთიანი საქართველო“ – 0.8%
სხვა პარტიები – 5.6%
„აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია.
საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდება: · „ქართული ოცნება“ – 22 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3 მანდატი; „საქართველოსთვის“ –- 2 მანდატი; „მოქალაქეები“ – 2 მანდატი.
მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში. შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.