„რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ბულინგი, მაგრამ აქ ნახეთ, რა მდგომარეობაა… მაგალითისთვის მომყავს, როდესაც იმედის, ჟურნალისტს, „პოსტივის ჟურნალისტს“, თქვენს კოლეგებზეა საუბარი, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გუშინ, 8 მაისს მომხდარ თავდასხმებს შეეხებოდა.
ჟურნლსიტმა კალაძეს ჰკითხა: „საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე და დემოკრატიაზე, ამ ყველაფერთან კავშირი აქვს თუ არა იმას რაც მოხდა გუშინ გვიან ღამით, ეს იყო სავარაუდოდ ორგანიზებული [თავდასხმები] გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე საათში, მიყოლებით ადამიანებს ხვდებოდნენ სადარბაზოსთან სცემდნენ, მანამდე ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ ოჯხის წევრებით.. თქვენ რას იტყვით არის თუ არა ეს ნორმალური, დემოკრატიასთან თავსებადი და პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი?“
კალაძე ამბობს, რომ ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.
კალაძეს ასევე ჰკითხეს, მოუწოდებს თუ არა შსს-ს, უმკაცრესად დასაჯოს ყველა მოძალადე, ვინც 8 მაისს თავს დაესხა დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიაშვილს.
„ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკური, ფსიქოლოგიური…როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ გამოეყვანათ ეს ადამიანი გმირად, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია…
ჩვენ ხომ გვინდა ყველას, როგორც თქვენ ჟურნალისტებს, ასევე მე, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და, რა თქმა უნდა, უნდა დაიგმოს ეს ყველაფერი. ვსვამ მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად, პოსტივის ჟურნალისტს თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე იმედის ჟურნალისტს…“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს.
ღვინიანიძის თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა.
ჩიქოვანის განცხადებით კი, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.
მოგვიანებით კი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ მის ძმასაც, რომელსაც სადარბაზოსთან დახვდნენ.