დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია fake-ნიუსების წინააღმდეგ პროექტს იწყებს.
„ვიწყებთ თითოეულ fake-ბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ ასეთ სისულელეებს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. უბრალოდ ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში“, – განაცხადა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, გრძნობენ პასუხისმგებლობას, არ დავტოვონ პასუხგაუცემელი „ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამწუხაროდ, თხზავენ გამარგინალიზებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედისაშუალებებით”.
„სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის შეკითხვა – რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“ თუ მათთან ასოცირებულ ფეიკნიუსების გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პირველი გადაცემა დღეს, 25 ივნისს 22 საათზე გავა.