კალაძე „აფრიკაში" სახლების დანგრევაზე: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა

პუბლიკა

კახა კალაძე ირწმუნება, რომ აფრიკის დასახლებაში, სადაც 5 დეკემბერს, გვიან ღამით თბილისის მერიამ სახლები დაანგრია, არავინ ცხოვრობდა.

„ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი.

არაერთი განცხადება გამიკეთებია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას, რომ შეცდომაში ნუ შეხვალთ და უკანონობა არ გააკეთოთ”, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების უკან დგანან „ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები აქვთ თბილისშიც და რეგიონებშიც”.

„ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“, – თქვა მან.

აფრიკის დასახლებაში მერიამ მოსახლეობას სახლები გუშინ ღამით დაუნგრია. ამის შესახებ „პუბლიკას” ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მობილიზებული იყო დიდი ოდენობით ფიზიკური ძალა და სპეციალური ტექნიკა.

20 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა. სხდომაზევე ითქვა, რომ ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

მოგვიანებით რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე.

22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება.