კალაძე ამაღლობელზე: ამდენი ხანი არ მომისმენია თუნდაც სინანული, რომ ეთქვა, შეცდომა დავუშვიო

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე ამბობს, რომ მისგან „სინანულიც კი არ მოუსმენია“.

„მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა.

ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, — ამბობს კახა კალაძე.

კალაძე ასევე მადლობას უხდის შსს-ს თანამშრომლებს და „ღირსეულ პოლიციელს“ უწოდებს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც, საია-ს განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა.

მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.