„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების დაანონსებული აქციის შესახებ ამბობს, რომ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა, არ უნდა გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.
მისი თქმით, „ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა“.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს.
ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა. გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.
გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 28 ოქტომბერს აქცია დააანონსა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და არ აღიარებს შედეგებს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ, ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და მსოფლიოს აჩვენონ, რომ არ აღიარებენ შედეგებს.