კალაძე: არ ვიკადრებ, ვიღაცას დავურეკო და ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თავსაც და ფეხბურთელებსაც არ აკადრებს, პოლიტიკაში რომ შემოიყვანოს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინოს. ამის შესახებ მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს კითხვა, რასაც მისვამთ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ისეთი მოძალადეები და ადამიანები, ვინც ამას იკადრებდა. ამის მკადრებლები ხართ. თქვენ ხართ მკადრებლები ყველანაირი ბოროტების, ყველანაირი სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს.

მე პირადად თქვენ კი არ მოგმართავთ, საუბარი მაქვს იმ რადიკალებზე, ვინც დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, მათი მხარდამჭერები. ერთნი არიან ესენი, უბინძურესი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველანაირი სიბინძურე იკადრონ. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია.

ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალიან დამთრგუნველია, როცა აქციებზე ერთ ადამიანს ათი ურტყამს. მით უმეტეს, მისი თქმით, სპორტსმენმა, რომელსაც ამხელა შესაძლებლობა აქვს, გვერდში დგომა უნდა ანახოს ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.

გარდა ამისა, ზივზივაძემ განაცხადა, რომ „რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა”. ამ თემებზე ბუდუ ზივზივაძემ „ჯაფარას პოდკასტში” ისაუბრა.

მოგვიანებით, თავად ფეხბურთელის თხოვნით, მედიაში გავრცელებული მისი ციტატები წაიშალა. მისი თქმით, თხოვნა ეფუძნება მოახლოებული ჩემპიონატის წინ დამატებითი ემოციებისა და აჟიოტაჟის თავიდან აცილების სურვილს.