კალაძე: არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი - იყო გარკვეული დარღვევები და მოკვლევა მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ამბობს, რომ „ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი“.

მისი თქმით, „მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, უამრავი დაქვემდებარებული უწყებაა და დრო სჭირდება შემოწმებას და კონკრეტულ კომპანიებში შესვლას“.

„აუდიტი ყველა მიმართულებით მუშაობს, თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, არის უამრავი დაქვემდებარებული უწყება, შესაბამისად, დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო 1 წლის თუ 3 წლის წინ.

არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი. შესაძლოა სულ არაფერი იყოს. იყო გარკვეული დარღვევები და ამის მოკვლევა მიმდინარეობს, ძალიან მარტივია. მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, თუ ვინმე სჩადის დანაშაულს, ყველა აგებს საკუთარ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს. ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ თუ ვინმე სჩადის დანაშაულს კანონის წინაშე აგოს პასუხი“, – თქვა კალაძემ.

„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკები.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

როგორც თბილისის მერია განმარტავს, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა აუდიტის ფარგლებში შეისწავლა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება, რის შედეგადაც გაჩნდა კითხვები და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში.

მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.