კალაძე ბორელის განცხადებაზე: პატივს ვცემ, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება და „სისულელეს” უწოდებს.

ბორელმა თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და არჩევნებზე ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, ევროპისკენ სურს სვლა თუ მისგან შორს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, თუ არ არის თავისუფალი; ბიზნესს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. 2012 წლამდე პირდაპირ ამას აკეთებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. შედარება ხომ მარტივი გასაკეთებელია, თუ რა ხდებოდა მაშინ და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა. ნახეთ სტატისტიკა, საერთაშორისო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მიღწევები, ეს ხომ შეუძლებელია, არასწორი იყოს”, – ამბობს კალაძე.

ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“დეპუტატმა, გივი მიქანაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯოზეფ ბორელის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, „წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევაა”.


უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ ისაუბრა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ, რომელი გზით სურთ სვლა.

„საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა: ევროპისკენ თუ ევროპისგან შორს. ეს ჩვენთვის და კიდევ უფრო მეტად ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ქვეყნის მომავალი დგას სასწორზე”, – განაცხადა ბორელმა.