თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა, ითანამშრომლოს მისიასთან, რომელსაც საქართველოში ევროკავშირი 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების შესასწავლად გამოგზავნის.
„ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები. […] რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც”. – თქვა კახა კალაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 18 ნოემბერს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები უნდა იქნას გამოძიებული.
მისი თქმით, საქართველოში გამოგზავნიან „ტექნიკურ მისიას”, ასევე მიიწვევენ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებზე სასაუბროდ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა სახემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს“ და რომ „კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს”.
„რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაცა?
რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს რაღაც ტექნიკური მისია.
ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის?
კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.