კალაძე: დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას

პუბლიკა

„მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება“, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

კალაძეს ჟურნალისტებმა სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე დაუსვეს შეკითხვა.

ბრალდების მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებში მეწარმეებისგან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

კახა გვანცელაძე ბაგა-ბაღების დირექტორად 2017 წლიდან, კალაძის მერობის პერიოდში მუშაობდა. მან თანამდებობა და ქვეყანა 2023 წელს დატოვა.

მედიამ კალაძეს ჰკითხა, იცის თუ არა უფრო მეტი დეტალი და დაინტერესდა თუ არა მერია გვანცელაძის მუშაობით, რაზეც კალაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა და ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა.

„გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს.

დაველოდოთ გამოძიებას, მე და თქვენ რატომ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახაბერ გვანცელაძემ საქართველო 2023 წელს დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

2023 წლის 10 აპრილს TV პირველს კახა გვანცელაძემ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.


სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

მათ შორის ერთ-ერთი ეპიზოდია:

„გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.