„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და ევროპარლამენტის რეზოლუცია გააკრიტიკა.
კალაძემ დოკუმენტს „მაკულატურა“ და „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიღებით ევოპარლამენტის დეპუტატებმა „უმძიმესი შეურაცხყოფა“ მიაყენეს ევროპულ ინსტუტიციასა და იდეას.
მან დეპუტატებს „ლობიზმში ჩაფლული“ უწოდა და რეზოლუციის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა ძირითად პროექტთან ერთად მხარდაჭერილი შესწორების იმ პუნქტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას შეეხება.
„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.
ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო“, – განაცხადა მან.
ასევე, კალაძის თქმით, ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც: „საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა“.
მისივე შეფასებით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ უკან გაწვევის მოთხოვნით ევროპარლამენტარები დგანან გაუმჭვირვალობის და სიბნელის მხარეს.
„ოცნების“ გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ვერ შეჩერედება, რადგან ამას 27 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება:
„საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“, – ამბობს ის.
დედაქალაქის მერის შეფასებით, ევროპელ კოლეგებს აგენტებისგან თავის დასაღწევად საქართველოს დახმარება სჭირდება.
„სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას.
დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას!“, – განაცხადა კალაძემ, რომელმაც განცხადების დასრულების შემდეგ მედიის შეკითხვებს აღარ უპასუხა.
ევროპარლამენტმა დღეს, 25 აპრილს მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს თანდართულ შესწორებებთან ერთად – ძირითად ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია. შესწორებები მოიცავს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გაწვევას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას.
ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.