კალაძე: „დინამო თბილისის“ შეძენის არც ინტერესი მაქვს, არც — ფინანსური შესაძლებლობა

პუბლიკა

კახა კალაძე ამბობს, რომ „დინამო თბილისის” შეძენას არ აპირებს. მისი თქმით, საამისოდ არც ინტერესი აქვს, არც – ფინანსური რესურსი.

„დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა.

მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“. – განაცხადა კახა კალაძემ.

„დინამოს“ ამჟამინდელმა მფლობელმა, რომან ფიფიამ 20 იანვარს „შაბათის ფორმულას” უთხრა, რომ მზად არის, კლუბის 50%-იანი წილი გაყიდოს.

„ახალი ინვესტორი საჭიროა, რომ დაფინანსება სტაბილური იყოს. დღევანდელ ვითარებაში მარტო მაინც მიჭირს ამ ტირთის ტარება. ინვესტორს ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას ვთავაზობ. უპირველეს ყოვლისა, ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას ვთავაზობ. ამისთვის 20 მილიონია საჭირო”. – თქვა რომან ფიფიამ.

მან სწორედ იმავე ინტერვიუში თქვა, რომ „დინამოს” ყიდვით კახა კალაძეა დაინტერესებული.

გარდა ამისა, რომან ფიფიას თქმით, შეიძლება, გაიყიდოს „დინამოს” სამწვრთნელო ბაზა დიღომში და იქ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდეს.

რომან ფიფიას თქმით, კორპუსები, რომლებიც გარშემო შენდება, ბაზას სიმშვიდეს და მყუდროებას უკარგავს.

კახა კალაძის თქმით, სანამ თავად მერია, დიღმის ბაზა არ დაინრევა. ხოლო საუბარი იმის შესახებ, რომ ბაზა უნდა დაინგრეს და იქ კორპუსები აშენდეს, „გამაოგნებელია”.

„სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს – დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“. – თქვა  თბილისის მერმა.