კალაძე ემუქრება მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც EU-ში ინტეგრაციის შეჩერება გააპროტესტეს

პუბლიკა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კიდევ ერთხელ დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

განცხადებას ხელი მერიის 229 თანამშრომელმა მოაწერა.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ამ განცხადებას საბოტაჟი უწოდა და თქვა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას საჯარო უწყებების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომლებიც გავრცელდა. მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი.

მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.

რა თქმა უნდა, საბოტაჟის ეს მცდელობა, მერწმუნეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს ასე იქნება, მერწმუნეთ“, – თქვა კახა კალაძემ.

მერიის თანამშრომლების საპროტესტო განცხადებაზე კალაძემ კომენტარი 1 დეკემბერსაც გააკეთა და თქვა, რომ მერიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, „ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები.

მათ მიუთითეს, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.

ორგანიზაციებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“.

იურისტები გასცემენ რეკომენდაციას, არ დაემორჩილონ ხელმძღვანელი პირების იძულებას, თავად დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ასევე, რეკომენდაციაა მუქარის დოკუმენტირება, სახალხო დამცველისთვის და იურისტებისთვის მიმართვა.